9mta

Stout (სტაუტი)

სტაუტები იხარშება მუქი მოხალული ალაოს გამოყენებით, რაც მოხალვის შედეგად წარმოშობს სპეციფიურ არომატსა და გემოს (როგორც წესი მოხალული ალაოსგან ვიღებთ კომპლექსურ არომატს და გემოს, რომელიც ხასიათდება როგორც შოკოლადის, ყავის და კარამელის ერთობა), როგორც უკვე აღვნიშნეთ, სტაუტები წარმოიშვა პორტერების ბაზაზე. ინგლისელებს სურდათ პორტერისგან შეექმნათ უფრო ძლიერი, სქელი სხეულის მქონე და მეტად დომინანტური არომატისა და გემოს მატარებელი ლუდი, რასაც პირველ ჯერზე ძლიერ პორტერებს ეძახდნენ, ხოლო შემდგომ მოხდა ამ ორი სტილის ერთმანეთისგან განცალკევება და სტაუტები წარმოადგენს პორტერების გაუმჯობესებულ და გაძლიერებულ ვარიანტს. თუმცა, ორივე კატეგორიას ყავს თავისი მომხმარებელი, რადგან სტაუტების კრემისებრი სხეული, წებოვნება და სიმდიდრე ბევრისთვის ზედმეტად მსუყეა და ამჯობინებენ იგივე შინაარსის მატარებელ ლუდს, მაგრამ უფრო მსუბუქ ვარიანტს.

სტაუტი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ან არომატიზირებული (დამატებული რაიმე ინგრედიენტი არომატის და გემოს გასაძლიერებლად, მაგ: ყავა), ასევე ხშირია სტაუტებში ლაქტოსის (რძის შაქრის) გამოყენება და შედეგად გვაქვს პროდუქტი, რომელსაც ქვია რძის სტაუტი. მიღებული პრაქტიკაა სტაუტების მოხარშვა შვრიის დამატებით, რამაც ბოლო პერიოდში მიიღო ისეთი ფართო მასშტაბები, რომ შვრიის სტაუტები ჩამოყალიბდა ცალკე სტილად. სტაუტები შექმნისთანავე გახდა ძალიან პოპულარული და ხდებოდა მათი იმპორტი ევროპის ტერიტორიაზე, ძირითადად რუსეთის იმპერიაში და დასახელება რუსული იმპერიული ძლიერი ლუდი (Russian Imperial Stout) სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარე იღებს სათავეს.

- 9 Mta Team, 2023-11-02