9mta

IPA / India Pale Ale (ინდური ღია ფერის ელი)

პირველ რიგში ყურადღება გავამახვილოთ მის დასახელებაზე და აღვნიშნოთ, რომ ლუდის წარმომავლობას მის დასახელებასთან არანაირი კავშირი არ აქვს გარდა იმისა, რომ ამ სტილის ლუდის შექმნა განაპირობა ბრიტანეთის იმპერიიდან კოლონიალისტი ჯარისკაცებისათვის ინდოეთში ლუდის იმპორტირების პროცესმა. როგორც წესი, სხვა სტილის ღია ფერის ელებთან შედარებით, ინდური სტილის ღია ფერის ელებში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით სვია, რომელიც განაპირობებს სითხის უფრო მეტ სიცოცხლისუნარიანობას (შენახვის ვადის ნაწილში) და ინგრედიენტების რაოდენობიდან გამომდინარე არის უფრო სხეულიანი, უფრო არომატული და მეტი IBU-ს (IBU ანუ International Bitterness Unit (სიმწარის საერთაშორისო ინდექსი) გახლავთ იმ სიმწარის განმსაზღვრელი ნიშნული, რომელსაც ლუდი იძენს მასში გამოყენებული სვიების ხარჯზე) მატარებელი. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ინდექსის გამოყენებამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უამრავი გზა სვიისგან გამოწვეული სიმწარის შესაფუთად. ამ გზებიდან ყველაზე პოპულარული გახლავთ კარამელის ალაოს გამოყენება, რომელიც აბალანსებს სვიებისგან მიღებულ გემოებს და ამცირებს სიმწარეს. როგორც წესი, ინდურ ღია ფერის ელებში IBU გახლავთ 40-დან 120-მდე, თუმცა, ვხვდებით უამრავ ლუდს, რომელსაც აღნიშნულ ზედა ზღვარზე ბევრად მეტი სიმწარე აქვს აღებული სვიებიდან, მაგრამ ადამიანის გემოს რეცეპტორებს არ შეუძლიათ 100-ზე მეტი IBU-ს აღქმა საკუთრივ სიმწარის თვალსაზრისით, თუმცა რაც უფრო მეტია IBU, მით უფრო მეტია სიმძაფრე და გემოში და გემოს შემდეგ ეფექტში ეს განსხვავება მარტივად შესამჩნევია. თანამედროვე სახით არსებული IPA-ს ჩამოყალიბებაში ინგლისზე ბევრად დიდი წვლილი მიუძღვის აშშ-ს, რადგან სწორედ აშშ-ში მოხდა კრაფტ ლუდის ინდუსტრიის გაღვიძება და კლასიკური გაგებით დღევანდელი IPA ნიშნავს ინტენსიური სვიის არომატის მქონე, ოქროსფერი შეფერილობის და საშუალო ალაოსებრი სხეულის მატარებელ ლუდს, რომლის ფორმირება და ლუდის კულტურაში დამკვიდრება სწორედ აშშ-ში მოხდა. IPA-ს ქვეკატეგორიები დაახლოებით მოიცავს 20 სხვადასხვა სტილის ლუდს, რომლების გახლავთ კლასიკური IPA-ს შინაარსის მატარებელი, რაღაც კონკრეტული განსხვავებებით, რომელი განსხვავებებიც ქმნის საჭიროებას იმისა, რომ აღნიშნული ლუდები IPA-ს ცალკე სტილებად ჩამოყალიბდეს. განვიხილოთ რამოდენიმე განსხვავებული სტილის IPA, რომლებიც ფართოდ წარმოებადია დღევანდელ ინდუსტრიაში და ჩვენს ასორტიმენტშიც ხშირად შეხვდებით მათ.

  • ISA / Session IPA - ეს კატეგორია გულისხმობს შედარებით მსუბუქ IPA-ს, რომელშიც დომინანტური გემოებიც და ალკოჰოლის შემცველობაც არის უფრო მცირე, როგორც ეს კლასიკურ IPA-ში იქნებოდა. თუმცა, ბევრი ლუდის ექსპერტის აზრით, სეშენ IPA არის უფრო APA-ს სახეცვლილი ვერსია, რომელშიც სვიის დომინანტური პროფილი უფრო მაღალია, მაგრამ ალკოჰოლის შემცველობა არის ნაკლები.
  • Hazy IPA – IPA შეიძლება იყოს ბუნდოვანი შეფერილობის. ამ მიმართულების მქონე IPA-ები იმდენად პოპულარული გახდა ბოლო რამდენიმე წელიწადში, რომ დღესდღესობით უკვე ცალკე კატეგორიად განიხილება. მიჩნეულია, რომ პირველი ბუნდოვანი ინდური ფეილ ელი მოიხარშა აშშ-ში, კერძოდ The Alchemist-ის სახარშში. მისი ბუნდოვანი შეფერილობა გამოწვეულია მასში დამატებული კონკრეტული ინგრედიენტების ხარჯზე. ეს ინგრედიენტები როგორც წესი არის შვრია, ექსტა საფუარი და სხვადასხვა ჯიშის მარცვლეული. გემოში განსხვავება ფორმირდება იმ კუთხით, რომ ბუნდოვანი IPA ატარებს ბევრად უფრო გამოკვეთილ ტროპიკული ხილების ხასიათს, ვიდრე ეს კლასიკურ IPA-ში გვხვდება. როგორც წესი, კლასიკურ IPA-ში ციტრუსების არომატი და გემო ბევრად უფრო დომინანტურია, ვიდრე ტროპიკული ხილების (ტროპიკულ ხილებში ვგულისხმობთ ფაშენ ფრუტს, ანანასს და მანგოს). ის ფაქტი, რომ ბუნდოვან IPA-ში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით შვრია, მას ხდის ბევრად უფრო მარტივად დალევადს და ძენს ხილის წვენისებრ სხეულს, რაც მიჩნეულია საკმაოდ სასიამოვნო ფაქტორად და უამრავი ლუდის მოყვარულისთვის სწორედ ამ მიზეზით, ბუნდოვანი IPA გახდა ბევრად უფრო სასიამოვნოდ მოსახმარი სითხე, ვიდრე კლასიკური IPA. თუმცა, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გემოვნების საკითხია და ზოგისთვის გამოკვეთილი წვენისებრი სხეული და ტროპიკული ხილების არომატი არ არის მისაღები მონაცემები. ამ სტილის IPA ხასიათდება ნაკლები სიმწარით და ასევე, მეორენაირად მას უწოდებენ ახალი ინგლისური სტილის ინდური ღია ფერის ელს (NEIPA – New England IPA), რადგან, მიუხედავად იმისა, რომ პირველად მსგავსი ტიპის ლუდი აშშ-ში მოიხარშა, ბოლო წლებში სწორედ ინგლისის ტერიტორიაზე აღმოცენდა მასიურად და გახდა პოპულარული.
  • Black/Brown/Cascadian Dark IPA - ამ კატეგორიას ვუწოდოთ მუქი ფერის (უმეტესად შავი) IPA, რომლის შეფერილობაც გამოწვეულია მასში გამოყენებული მუქი ალაოს ხარჯზე, რაც შეეხება დასახელებაში კასკადს, კასკადი გახლავთ მომწვანო ფერის სვია, რომელსაც როგორც წესი, იყენებენ სიმწარის მისაცემად. მუქი ფერის IPA-ები რა თქმა უნდა ორიენტირებულია ალაოსებრ სხეულზე და მისგან წამოსულ გემოებზე, თუმცა კასკადის ჯიშის სვიის გამოყენების შედეგად არის IPA-სთვის დამახასიათებელი მწარე გემოს მქონე და შესაბამისად მიჩნეულია, რომ ამ სტილის ალაოზე ორიენტირებული ლუდები, მაინც IPA-ს კატეგორიაში უნდა გადიოდნენ. გავრცელებული პრაქტიკაა აღნიშნული სტილის IPA-ების არომატიზირება ყავით ან რაიმე მუქი ინგრედიენტით. ხშირ შემთხვევაში მუქ IPA-ში ალაო იხმარება მსუბუქად მოხალული სახით და ვიღებთ შოკოლადის/ყავის/კარამელის არომატს.
  • Milkshake IPA - როდესაც ლუდის ხარშვის დროს ხდება ლაქტოსის (რძის შაქარი) გამოყენება, ვიღებთ მოტკბო ან ტკბილი ხასიათის ლუდს და ასევე სითხის კონსისტენცია არის შედარებით უფრო სქელი. ლაქტოსის გამოყენება ხდება არა მხოლოდ IPA-ს სახეობის ლუდებში, არამედ უამრავ სხვა სტილშიც (მაგ: სტაუტებში). სვიაზე ორიენტირებული სითხის და რძის შაქრის შერევა შედეგად გვაძლევს ისეთი სხეულის მქონე ლუდს, რომელიც ყველაზე უფრო ასოცირდება კლასიკურ მილქშეიქთან და ასევე ხშირ შემთხვევაში, გემოც მისი მსგავსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რო რადგან დასახელებას იწვევს რძის შაქარი, ყველა შემთხვევაში ტკბილი სითხე უნდა მივიღოთ შედეგად, მილქშეიკის ტიპის IPA შეიძლება ასევე იყოს საკმაოდ მწარე, ან მჟავე ნარევის გამოყენების შედეგად მივიღოთ მოტკბო/მომჟავო ხასიათის ლუდი.
  • Imperial / Double IPA - იმპერიული, ანუ ორმაგი სტილის IPA, შეიძლება იყოს როგორც კლასიკური, ასევე ბუნდოვანი IPA-ს გაძლიერებული ვარიანტი. ეს გამოწვეულია ინგრედიენტების შედარებით დიდი რაოდენობით დამატებით და შესაბამისად, არომატიც, გემოც, გემოს შემდეგი ეფექტიც და ალკოჰოლის შემცველობაც მსგავსი ტიპის ლუდებში არის ბევრად მეტი, ვიდრე სტანდარტულ ვარიანტებში. ალკოჰოლის შემცველობა ამ სტილის ლუდებში არის 7.5%+. IPA ასევე შეიძლება იყოს სამმაგიც და ოთხმაგიც.
  • Flavored IPA - მიღებული პრაქტიკაა როგორც IPA-ში, ასევე სხვა სტილის ლუდებში არატრადიციული ინგრედიენტების დამატება (მაგ: ხილის), ეს პროცესი შეიძლება მოხდეს როგორც ფერმენტაციის, ასევე ხარშვის დროსაც. რაც შეეხება კონკრეტულად არომატიზირებულ IPA-ებს, გვაქვს 2 მიზეზი ამის გასაკეთებლად. 1. IPA შეიძლება იყოს სრული სხეულის, თუმცა გემოს რეცეპტორებისთვის სასიამოვნო იყოს რომელიმე გემოს წინ წამოწევა, რომელიც მის ხასიათს მოუხდება და შესაბამისად ხდება ამ გემოს შემცველი პროდუქტის დამატება, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ეს არის ციტრუსი და IPA-ს ისედაც ციტრუსოვან არომატსა და გემოს კიდევ უფრო დომინანტურს ხდის. 2. IPA შეიძლება იყოს საკმაოდ მსუბუქი სხეულის მქონე, არ იყოს გამოყენებული საკმარისი რაოდენობით ინგრედიენტები მისი მოხარშვის დროს და დამატებული პროდუქტის ხარჯზე მოხდეს სხეულის შევსება. მაგ: გვაქვს კლასიკური IPA, რომელშიც უნდა იყოს საკმაოდ გამოკვეთილი ციტრუსის გემოები, მაგრამ ინგრედიენტების სიმცირიდან გამომდინარე მსგავსი შედეგი სახეზე არ გვაქვს, ამ დროს შეიძლება რომელიმე კონკრეტული ციტრუსის დამატება გემოს გასაძლიერებლად, თუმცა სხეული მაინც თხელი დარჩება და არ ექნება კლასიკური IPA-ისთვის დამახასიათებელი კონსისტენცია. არომატიზირება გამოიყენება როგორც IPA-ებში ისე ღია ფერის ელებშიც.
  • IPA Sour/Wild - წინა კონსპექტში საუბარი გვქონდა მჟავე ლუდებზე, მჟავე ან მომჟავო ასევე შეიძლება იყოს IPA-ც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სითხე გადის ტრადიციულ პროცესებს დასამჟავებლად. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რაიმე მჟავე ნარევის დამატებასთან ხარშვის დროს, რაც განაპირობებს მის აღნიშნულ ხასიათს. ასევე, ეს ტექნიკა შეიძლება გამოვიყენოთ როგორც კლასიკურ IPA-ებში, ისე ნებისმიერი სტილის ღია ფერის ელებშიც.
  • American IPA - ამერიკული სტილის IPA არის ბევრად განსხვავებული შინაარსის ლუდი კლასიკურ ინგლისურ IPA-სთან შედარებით. არის ბევრად უფრო აკურატული და არომატული, ასევე გამოკვეთილი აგრესიული არომატისა და გემოს მატარებელი. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს როგორც საკმაოდ ღია ფერის, ასევე მოწითალო/ქარვისფერი. გემო უფრო მეტად ორიენტირებულია ფიჭვისებრ, მცენარეულ ტონებზე, რომლებსაც რა თქმა უნდა თან სდევს ძლიერი ციტრუსოვანი არომატი. ალკოჰოლის შემცველობა მსგავსი ტიპის IPA-ებში არის საშუალოდ 5.5%-7.5% და ხშირ შემთხვევაში სვიისგან წამოსული სიმწარე არ არის შეფუთული რაიმე სახის ალაოთი, სტანდარტული IBU აღნიშნული ტიპის ლუდისთვის გახლავთ 50-70.
  • Belgian IPA - ბელგიური IPA ინსპირირებულია ამერიკული სტილის IPA-თი, მაგრამ გვაქვს რამოდენიმე საკვანძო განსხვავება ამ ორ სტილს შორის და შესაბამისად ამ განსხვავებებმა განაპირობა მათი ცალ-ცალკე კლასიფიკაცია. პირველი ძირითადი განსხვავება არის ის, რომ დაბოთვლისას იყენებენ ბელგიური ჯიშის საფუარს, რომლის შედეგადაც ლუდი ხდება ბოთლის კონდიციის და აქვს საკმაოდ ბუნდოვანი შეფერილობა. ასევე, ალაოსებრ ხასიათს ბელგიური სტილის IPA-ში უფრო მეტად იპოვით, ვიდრე ამერიკულში, რაც გვაძლევს ბელგიური ლუდებისთვის დამახასიათებელ პურისებ გემოს. ბელგიური ჯიშის საფუარის გამოყენების შედეგად სითხეში გაზრდილია კარბონიზაციის დონეც და დასხმისას იკეთებს საკმაოდ სქელ და კრემისებრ ქაფს. მიუხედავად იმისა, რომ ბელგიური IPA-ები არ არის იმპერიალ/ორმაგი IPA-ები, ალკოჰოლის შემცველობა მათში არის საკმაოდ მაღალი, როგორც წესი 6.0%-11.0%. IBU კი 50-80.
  • Brut IPA - ბრუტის სტილის IPA ყველაზე ახალგაზრდა სტილია სვიის ლუდებში. ის პირველად მოხარშეს აშშ-ში, კერძოდ კალიფორნიაში, 2017 წელს და არის აბსოლუტურად განსხვავებული სხეულისა და შინაარსის. შუშხუნა, მშრალი, დაბალი სიმწარის მქონე და მომჟავო არომატისა და გემოს მატარებელი. ამერიკული IPA-ებისგან განსხვავებით აქვს საკმაოდ თხელი სხეული და ხშირია მასში ხორბლის, სიმინდის ან ბრინჯის გამოყენებაც. სვიისათვის დამახასიათებელი არომატები, როგორც წესი, მიიღება ხარშვის შემდეგ ფერმენტაციის დროს მშრალი გასვიანებით (პროცესში, როდესაც უკვე ცივ სითხეზე ხდება სვიების დაყრა), რაც ასევე აისახება მის სიმწარეზე და საკმაოდ დაბალი IBU-ს მქონედ ითვლება (საშუალოდ 20-40). რაც შეეხება ალკოჰოლის შემცველობას მერყეობს 6.0%-დან 7.5%-მდე. ბრუტი არის საფუარის ჯიში, რომელიც ყველაზე ახლოს გარეული ჯიშის საფუარებთან დგას და ითვლება საკმაოდ ხისტ, უხეშ და ინგრედიენტებისგან სიმჟავის გამომტან საფუარად.

 

- 9 Mta Team, 2023-10-18